„ჩვენ ნავთობისა და გაზის საბადოებზე არ ვზივართ. ვართ ქვეყანა, რომელსაც
ფული ხელოვნურად უნდა გაუჩნდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა
ბათუმში, პიაცაზე, ახალი სასტუმროს გახსნისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირი იმ ადამიანებს
გამოეხმაურა, რომლებიც მისი თქმით, ხშირად წერენ რომ ბათუმის, რაბათის და
სხვა პროექტებზე დახარჯული თანხები ხალხს უნდა მოახმაროს.
„ყველაზე მოუთმენელი მე ვარ, ჩვენი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანი
ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან. თუმცა, თუ ჩვენ
არ ავაშენებთ ანბანის კოშკს და მსგავს სილამაზეებს, რაც ბათუმში, ბოლო წლების
მანძილზე აშენდა, არ ჩამოვა ტურისტი და
ქვეყანას ფული არ გაუჩნდება. როცა ზღვისპირა ქალაქს ყავს დამსვენებელი, მოტივაცია
მეტია. შენდება ბევრი სასტუმრო, რაც მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს“,-
აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით დღეს გახსნილ სასტუმროში ყველა ავეჯი ქართველების მიერაა
დამზადებული.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, განახლებული ახალციხის,
რაბათისა და ქუთაისის პარლამენტის თანამედროვე მშენებლობები ქვეყანაში ტურიზმის
განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, ტურიზმი ეკონომიკას აამოძრავებს.
„იცით, რომ მალე გორის ციხე ისეთივე კარგი იქნება, როგორიც ახალციხე,
რაც ეკონომიკის ამოძრავებას შეუწყობს ხელს. უამრავ გორელს დასაქმების შესაძლებლობა
მიეცემა. ასე მოხდა ქუთაისში, პარლამენტის აშენების შემდეგ. ლაზიკა ჩემი ახირება
არ არის, ამ მშენებლობას თავის
ეკონომიკური აზრი აქვს. ლაზიკა მთელ საქართველოს ეკონომიურად უნდა დაეხმაროს“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესების კეთება ქართველებმა დაიწყეს.
„ის ხალხი, რომელიც იძახის,
რომ საქართველო მთლიანად უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში, ტყუიან, რადგან ბათუმის
სასტუმროების უმეტესი ნაწილი ქართველ ბიზნესმენებს ეკუთვნით“,- დასძინა
პრეზიდენტმა.
internet.ge