არასამთავრობო
ორგანიზაციებმა, წამების და არაადამიანური
მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
არასამთავრობო
ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ წამების
და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა
აიღონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა.
ასევე ითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის
საკითხი.
„არაეფექტური გამოძიებების უამრავი მაგალითი გვაძლევს
საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავარი პროკურატურის
მიერ არც ამჯერად მოხდება
წამებისა და არასათანადო მოპყრობის
ფაქტების სათანადო გამოძება. შესაბამისად,
აუცილებლად მიგვაჩნია, მთავარი პროკურატურის სისტემის ფარგლებში
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი
და პასუხისმგებლობა დაეკისროს ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ
პროკურორს, რომელიც ისარგებლებს მაღალი
საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც
მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ
ტექნიკური რესურსით მოახდენს მხოლოდ
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას. ამასთან,
საზოგადოებრივი პროკურორის კანდიდატურის დასახელების საშუალება უნდა მიეცეთ სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები
ასევე, ითხოვენ სპეციალური საბჭოს
შექმნა, რომელიც მთელი საქართველოს
მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს პატიმრების
გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას
საზოგადოებრივი პროკურორისთვის. ამავდროულად, ამავე კომისიამ მონიტორინგი
უნდა გაუწიოს გამოძიების
მიმდინარეობის პროცესსაც. მხოლოდ ამ მექანიზმების
არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ წამებისა და
არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესაბამის და
ადეკვატურ გამოძიებაზე.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში
შესაბამის პირთა პოლიტიკური და
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და ეფექტური გამოძიების
საკითხების პარალელურად,
სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს წამების
მსხვერპლთა და მათი ოჯახების
წევრთა დაცვისა და რეაბილიტაციის
პროცესს. ასევე, საზოგადოებრივი ინტერესისა და პატიმართა ოჯახის
წევრთა შორის არსებული პანიკის
პირობებში, აუცილებელია საზოგადოების მუდმივი და აქტიური
ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და სისტემაში
არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების თაობაზე. ამასთან, მოვითხოვთ, განსაჯაროვდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების
საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს
ანგარიში, რომელსაც უშუალოდ
ევალება თავისუფლების
აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა
ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის
მონიტორინგი, აგრეთვე წამების, არაჰუმანური
მოპყრობისა და დასჯის ფაქტების
გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge