ფრანგმა სამართალდამცველებმა ტულუზელი ტერორისტის, მოჰამედ მერას ძმა დააკავეს. მას გასულ კვირას ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად.აბდელკადერ მერა შაბათს ტულუზიდან პარიზში გადაიყვანეს, სადაც დააკავეს კიდეც. ის თავად უარყოფს რაიმე კავშირს 7 ადამიანის მკვლელობასთან, რომელიც მისმა ძმამ ჩაიდინა. თუმცა გაირკვა, რომ აბდელკადერი არც მთლად მოვლენების მიღმა დარჩენილა. მან აღიარა, რომ მოწმე იყო მისი ძმის მიერ სკუტერის მოტაცებისა, რომლითაც ის დანაშაულის ადგილიდან მიმალვას შეეცადა. მანამდე პრესაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ 29 წლის აბდელკადერ მერა რადიკალი ისლამისტია და ის ამაყობს იმით, რაც მისმა ძმამ ჩაიდინა. თუმცა მისი ადვოკატი ამას უარყოფს. რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებს ტერორისტის დედაც ჰყავდათ გამოძახებული, თუმცა ის მალევე გაუშვეს სახლში. შაბათს, ტულუზასა და პარიზში, მერას მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი „დუმილის მარშები“ გაიმართა. აქციებში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. Internet.ge