ზუგდიდში, ე.წ კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს აღდგომას ელექტროენერგია ექნებათ,
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა სამინისტროში განუცხადეს, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„აღნიშნულ საკითხს "ენერგოპროსთან" ვაგვარებთ და 5 კოტეჯს ელექტროენერგია მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთვება. გათიშვის მიზეზი კი ის იყო, რომ კოტეჯების გვერდით მდებარე კომპაქტური ობიექტი გამრიცხველიანდა, ანუ ყველა ოჯახს გაუკეთდა ინდივიდუალური მრიცხველი. ენერგოკომპანიამ კოტეჯებს ელექტროსადენები თვითნებურად ჩაუჭრა. სამინისტროს ჩარევით კი კოტეჯებს ელექტროენერგია აღუდგება“,– განაცხადა
მინისტრის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკა გულუამ და აქვე კოტეჯისთვის ელექტროენერგიის
აღდგენის გაჭიანურებაზეც ისაუბრა.
„კოტეჯების ინდივიდუალური გამრიცხველიანება კი იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ის ავარიულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება“,– დასძინა
გულუამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მცხოვრებმა 5-მა ოჯახმა „ინტერნეტ.ჯი“–ს მეშვეობით
სუბელიანს სააღდგომოდ ელექტროენერგიის აღდგენაში დახმარება სთხოვა.
დევნილებს თვეზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
internet.ge