„ქართულმა ოპოზიციამ
გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო რუსულმა არმიამ“ - სტატიას ასეთი სათაურით
რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა აქვეყნებს, რომელსაც მიაჩნია, რომ საპარლამენტო
არჩევნების შედეგებით ქართველებმა საკუთარი მომავალი გაანადგურეს.
ლატინინა მკითხველს
შეახსენებს, რა სიტუაცია იყო საქართველოში, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში
მოვიდა: არ იყო დენი, ქვეყანას რეალურად ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ,
სააკაშვილმა კი ამის აღკვეთა შეძლო და საქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო
ქვეყანა გახადა.
ლატინინას აზრით,
ქართველი ამომრჩევლისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ნახევარზე მეტმა ხმა
ოპოზიციას მისცა, რომელიც არც მალავს და „კანონიერ ქურდებს“ წარმოადგენს (მაგალითად
ხაინდრავას საფრანგეთში შეხვედრის კადრები მოჰყავს).
“ქართული ოცნება ტახტზე წამოწოლაა, რომ ვიღაცამ სარეცხი მანქანა
გაჩუქოს, ან ბინა, ან კიდევ უკეთესი - თვითმფრინავი,” - წერს ლატინინა.
ის დარწმუნებულია, რომ
ქართული ექსპერიმენტი დასრულებულია და აღარ აქვს აზრი, ვინ გაიმარჯვებს
საპრეზიდენტო არჩევნებში.
„თუ გაიმარჯვებს
მმართველი პარტია, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ის სოციალურ
დათმობებზე წავა და მცირე ბიუჯეტს დახარჯავს
არა გამჭვირვალე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, არამედ სახელმწიფო
კმაყოფაზე მყოფ მოქალაქეთა დასაკმაყოფილებლად; ხოლო თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს -
იქნება ის, რაც მხოლოდ კუბაშია,- წერს ავტორი.
ლატინინა საბოლოოდ
ასკვნის, რომ უნივერსალური საარჩევნო უფლება და სახელმწიფოსა და ეკონომიკის
რადიკალური რეფორმები ღარიბ ქვეყანაში - შეუთავსებელია.
Internet.ge