გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები (სახელები, გვარები, დაბადების თარიღები და მისამართები), რაზეც სასჯელაღსრულების სამინისტრომ სპეციალური
განცხადება გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია
ნათქვამი, სამინისტრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაწესებულების ადმინისტრაციის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაჯაროებული არ ყოფილა.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, წარმოადგენს დასჯად ქმედებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები ყურადღებით მოეკიდებიან აღნიშნულ ფაქტს და განახორციელებენ იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საზოგადოებას, თუ აქვთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე მოხელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და არ დაუშვან პირადი კომუნიკაცია ხსენებულ პირებთან ანდა მათი ოჯახის წევრებთან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე ზემოქმედების ან დასჯის მიზნით. საზოგადოებას აქვე განვუმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაულია“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.”
ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
Internet.ge