პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი
თავმჯდომარე გიორგი ასანიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში
მონაწილეობა უნდა მიიღოს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ასანიძემ განუცხადა, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა ყოველთვის არსებობდა და ამ შემთხვევაში, ბოიკოტი სწორი ფორმა არ არის, რადგან
ოლიმპიური ქარტიით, თამაშები აპოლიტიკურია და ძალიან კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ.
„იყო გარემოებები, რომელზეც კონსულტაციები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მიმდინარეობდა. ოლიმპიადა თავისი შინაარსით ოდითგანვე მშვიდობის დესპანი იყო და პრობლემები, რომელიც რუსეთთან არსებობს მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ ამაში პირველი როლი სპორტულმა პოლიტიკამ არ უნდა ითამაშოს.
იყო ასეთი მოსაზრება, რომ თუ რუსეთი აფხაზეთში სპორტულ ბაზებს იმ მოტივით ააშენებდა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილე გარკვეულ დელეგაციებს იქ ეცხოვრათ და ოლიმპიურ ინფრასტრუქტურაში მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ ამ თამაშებს უნდა გავემიჯნოთ, რასაც ვეთანხმებოდი, რადგან რუსეთმა პრეცენდეტი არ უნდა დაუშვას, რომ აფხაზეთის აღიარება
მთლიანად მოახდინოს. არასოდეს მითქვამს, რომ ამ თამაშებს, სპორტსმენები უნდა გაემიჯნონ“, -
აცხადებს ასანიძე.
შეგახსენებთ, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას მიესალმება და
აცხადებს, რომ საქართველო თამაშებში ჩაერთვება. ივანიშვილმა, ზამთრის თამაშებს მხარდაჭერა უკვე აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც კარგ მეზობელს შეეფერება და ეცადოს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე ჩატარდეს.
Internet.ge