საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში მუშაობის პერიოდსაც მიმოიხილავს, მათ შორის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მიმდინარე რეფორმებს:
"რაც შეეხება ჩემს ბოლო თანამდებობას თავდაცვის მინისტრის რანგში, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯარს, რადგან ვერ მოვასწარი იმის განხორციელება, რასაც დაგპირდით და დავგეგმე თქვენთან ერთად. ვთვლი, რომ საქართველოს ემსახურებიან საუკეთესო ოფიცრები და ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტად დავისახე მათზე ზრუნვა. ჩვენი მთავარი დევიზი: "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არცერთ ადამიანს არ მივატოვებთ”- დაედო საფუძვლად ახალ 3T კონცეფციას. ჩემთვის ყველაზე დიდ საჩუქრად დარჩება სამხედრო ფორმა, რომელიც მაჩუქა ერთ-ერთმა მეთაურმა.
ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება შეხვედრა ალექსანდრე ტუღუშთან და დანარჩენ დაჭრილ ბიჭებთან ამერიკის ჰოსპიტალში. ამ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ სანამ ასეთი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან საქართველოში, რუსეთი ვერ დაგვამარცხებს.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მქონდა ავღანეთში გამეცნო რომან ჯანჯულია (ბატალიონის მეთაური), რომელიც ომობს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარი განვითარდეს და ჩვენი ქვეყანა მიუახლოვდეს ნატოს.
არასოდეს ასე ახლო და რეალური არ ყოფილა საქართველოს გაწევრიანება ნატოში, როგორც ახლაა. უკვე ნოემბერში ველოდებოდი ა.შ.შ-დან ახალი ვერტმფრენების შემოყვანის პროცესის დაწყებას, ხოლო დეკემბერში - კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას საჰაერო თავდაცვის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ, არ მჯერა რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სამშობლოსთვის გადარჩენის გარანტია.
ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხანმოკლე მინისტრობის დროს, ფორსირებულ რეჟიმში, დავასრულეთ ოთხი კორპუსის მშენებლობა და 800-ზე მეტ სამხედროს გადაეცა ბინები საკუთრებაში.
ჩემი საქმიანობის პერიოდში, 11 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში და 4 წელი საჯარო სამსახურში, ხელს ვუწყობდი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. არ დამიხევია უკან ქვეყნის აღმშენებლობისა და რეფორმირების პროცესში. ვარ ამ ქვეყნის პატრიოტი და ჩემს შვილებსაც ვზრდი საქართველოს პატრიოტებად" - წერს დიმიტრი შაშკინი.
სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე
internet.ge