„ლიბერთი ბანკის“ მმართველი ლადო გურგენიძე ბანკის ყოფილ მფლობელ
გიორგი გოგუაძეს პასუხობს. როგორც გურგენიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა,
გოგუაძესთან ბანკთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ აპირებს.
„სიმართლეს არ შეესაბამება
გიორგი გოგუაძის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც თურმე
მე დამირეკავს მისთვის და ბანკში არსებული „პრობლემის“ მოგვარება მოლაპარაკების
გზით მითხოვია. ეს ასე ნამდვილად არ იყო. მან თვითონ დამირეკა და ამის დამტკიცება
სატელეფონო ჩანაწერებით მარტივად შეგვიძლია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბანკში
არანაირი პრობლემა არ არსებობს და ამჟამინდელ მენეჯმენტს არანაირი შეხება არ აქვს
„სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებთან“,- განაცხადა გურგენიძემ.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც
გაკოტრებული ბანკის 91% 15 მილიონ დოლარად შეიძინეს, „ლიბერთი ბანკის" აქტივებმა
მოიმატა.
სამი წლის წინ ბანკის კაპიტალი 17 მილიონი ლარი იყო, დღეის
მონაცემებით კი ის 85,6 მილიონ ლარს
გაუტოლდა.
„სახალხო ბანკი“,- რომელიც „ლიბერთი ბანკად“ გადაკეთდა, 2009 წლის
სექტემბერში შევიძინეთ. მაშინ ბანკი
უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში 30 მლნ დოლარი ინვესტიცია
განცახორციელეთ. თავის მხრივ, დასავლელმა საინვესტიციო ჯგუფებმა კი ბანკში 11 მილიონი ლარი
ჩადეს. ჯამში სააქციო კაპირტალი 41 მლ
დოლარით არის გაზრდილი. ვიმეორებთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ბანკის ყოფილ მფლობელებს და მათთან არანაირი
მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მსგავსი განცხადებები კი ხელს ნამდვილად ვერ
შეუწყობს ბანკის განვითარებას. პირიქით შეიძლება ინვესტიციები შეწყდეს ან
შემცირდეს. ამით კი მომხმარებელი ზარალდება“,- დასძინა ლადო გურგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირინა
ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენონკო და გიორგი გოგუაძე სამი წლის წინ გაყიდული ბანკის
დაბრუნებას ითხოვენ.
ყოფილ მფლობელებს ბანკის დათმობა 2009 წელს მოუხდათ და მალევე მას
სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა, რომელიც დღემდე ბანკის
მმართველია.
Internet.ge