სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და რამდენიმე დღეში პატიმრები ამ კუთხით წინსვლას უკვე იგრძნობენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, სუბარმა განაცხდა, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას კურირებას გაუწევს.
“მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე არჩილ თალაკვაძე უშუალოდ გაუწევს კურირებას ჯანდაცვის მდგომარეობას, ნათია ლანდია კი, სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე იქნება. მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ ძირეული ცვლილებების გატარებას. ჩვენი ხედვა ძალიან ზუსტი და ნათელია”,- განაცხადა სუბარმა.
მინისტრის თქმით, მზადდება პატიმართა სია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა და სავარაუდოდ, მათი გათავისუფლება მოხდება.
“ერთი კვირის განმავლობაში 19 ადამიანის საქმე ექსპერტიზას გადავეცით და დარწმუნებულები ვართ სასამართლო მათ გაათავისუფლებს. ასევე, ზეპირი მოსმენების შემდეგ, კიდევ 50-მდე ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს”,- განაცხადა სუბარმა.
internet.ge