საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას
განცხადებით, ტელევიზიაში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის 2012 წლის 6
ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, რევიზიის
ჩასატარებლად, საშემოსავლო ორგანო შევიდა.
როგორც ჭანტურიამ საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, ხადურის
ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვებს ბადებს.
„მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 90-ნი წლებიდან დღემდე, ამ
შენობაში საგადასახადო ორგანო ტელევიზიის შემოწმებისთვის არასდროს შემოსულა. აქამდე
ყველა შემოწმებას აუდიტის სამსახური აწარმოებდა. მსგავსი შემოწმება გასულ წელს იყო და სამ-ოთხ თვეში
უნდა განახლებულიყო. აქედან გამომდინარე კითხვები გვაქვს, როცა ვიცით, რომ რამდენიმე
თვეში გეგმიურად უნდა შეგვამოწმოს აუდიტმა, რატომ იყო გუშინდელი ბრძანება გეგმიური, რაზეც პასუხი
ვერ მივიღეთ“,- განაცხადა ჭანტურიამ.
მისი თქმით აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ფინანსთა სამინისტრომ და
შემოსავლების სამსახურმა უნდა გასცეს.
ჭანტურიამ დღესვე სპეციალურ განცხადებას მოაწერა ხელი და არხის
თანამშრომლებს მოუწოდა „რევიზორებს“ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
„მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ რევიზიის პროცესი არ გადაგვეღო,
რასაც ვერ დავპირდებით. 24 საათის განმავლობაში მათ მუშაობას გადაიღებს არხის კამერა
და იქ იქნება ჩვენი ჟურნალისტი. ამასთან, თქვენ თვალწინ ვაწერ ბრძანებას ხელს,
რომლის მიხედვითაც ვქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ტელევიზიაში შემოსულ ჯგუფს
დაეხმარება“,- დასძინა არხის გენერალურმა დირექტორმა.
internet.ge