დღეს,
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კობა სუბელიანი, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქ.№20-ში მცხოვრებ, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა. მათ აღნიშნულ ობიექტში ბინების დაკანონება პირადად აცნობა და მიულოცა.
აფხაზეთიდან
დევნილი
47 ოჯახი, ჭყონდიდელის ქ.№20-ში, კომპაქტურ ობიექტში, 18 წელი ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე მათთვის გაურკვეველი იყო მათი საკუთრების უფლების საკითხი. ამიერიდან, კი საცხოვრებელი ფართები მათი კუთვნილებაა. ობიექტზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, დაიწყო დაკანონების პროცესი და მაისის ბოლომდე მათ გადაეცემათ საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი
ამონაწერები.
მინისტრის განცხადებით, დევნილებს ფართები პრეზიდენტის განკარგულების
საფუძველზე დაუკანონდათ.
"ეს არის
სავაგონო დეპოს კომპაქტური ობიექტი, რომელიც დევნილებს დავუკანონეთ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. მათ ექნებათ იგივე უფლებები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას. მათ შეეძლებათ დააფუძნონ ამხანაგობა და მერიაში მოიპოვონ სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დაფინანსება.
70% დააფინანსებს
მერია და მათ მხოლოდ 30% შეგროვება
მოუწევთ. მანამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წყლის პრობლემა, რაც მოგვარდა სამინისტროს დახმარებით. ფართების დაკანონება იყო მათი ოცნება, რის განხორციელებასაც
მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემები ახლდა თან. ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაოები, შენობას მოეხსნა ყადაღა და გადაეცათ დევნილებს საკუთრებაში. ეს ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის" –
განაცხადა
კობა სუბელიანმა.
ასევე,
რაიონის გამგეობასთან ერთად დაიწყო ობიექტის გაზიფიცირების პროცესი.
internet.ge