მართლმადიდებელი სამყარო დღეს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ, ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში წმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო არსებობს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს.
Internet.ge