ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
ტყიბულსა და თერჯოლაში მედდების გადასამზადებელი კურსი გახსნა. მინისტრი „ჩემი ოჯახის კლინიკის" მფლობელობაში არსებული კლინიკების
პერსონალს კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
ახალი კურსი მედდებისთვის საექთნო
საქმის სწავლების პროგრამას ითვალისწინებს. იგი ემორის უნივერსიტეტისა (აშშ) და „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის"
პროგრამით ტარდება. საწყის ეტაპზე, გადამზადების პროცესში, „ჩემი ოჯახის კლინიკის"
ქსელის მცირე ზომის, 15-საწოლიანი კლინიკები ჩაერთვებიან.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მედდები დაეუფლებიან როგორც ზოგად საექთნო, ასევე, სპეციალიზირებულ კურსს გადაუდებელი მედიცინის, ქირურგიული,
სამეანო და სხვა მიმართულებით. თეორიულ
კურსთან ერთად, სწავლება მოიცავს კლინიკური უნარ-ჩვევების
დაუფლებასაც. კურსი, ასევე, ითვალისწინებს ექთნის
ასისტენტების კვალიფიკაციის ამაღლებასაც.
ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით,
ზოგადი საექთნო კურსის ხანგრძლივობა ერთი თვეა. პირველი ეტაპისთვის აღნიშნულ პროცესში 300 მედდა ჩაერთვება.
Internet.ge