საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი გეგენავამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მის თქმით, უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში 3 სტუდენტური ორგანიზაცია („ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“, „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“) და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი (1 იურიდიული, ხოლო 9 - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან) მიიღებს მონაწილეობას.
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 4 სტუდენტურ ორგანიზაციას სურდა არჩევნებში მონაწილეობა. მათი განცხადებით, მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ - „სტუდენტურმა ხმამ“ - ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, რადგან მათ ვერ მოახერხეს საკმარისი რაოდენობით ხელმომწერების მოგროვება.
არჩევნები 18 მაისს გაიმართება და მას სამი საერთაშორისო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „IFES” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დააკვირდება.
Internet.ge