წარმატებული ქართული რეფორმები სხვა
ქვეყნებშიც განხორციელდება, ამ პროცესში საქართველოს პარტნიორობას ამერიკის
შეერთებული შტატები გაუწევს, ეს გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი
კლინტონის საქართველოში ვიზიტისას იქნა მიღებული.
რეფორმების ექსპორტს კოორდინაციას გაუწევს
საქართველოს რეფორმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია.
ახლადშექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის
დაქვემდებარებაში იქნება და მისი ძირითადი მიზანი სახელმწიფო მომსახურების სფეროს
განვითარების ხელშეწყობა, ახალი ინოვაციური სერვისების დაგეგმვა, ქვეყნის
განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა, შემდეგ კი
მათი უცხოეთის ქვეყნებისთვის გაზიარება და იმპორტი იქნება.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ
განაცხადა, ქართული მხარე მზადაა, ითანამშრომლოს ამერიკულ მხარესთან და მისი
ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს რეფორმები სხვადასხვა ქვეყანაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და გზავნილი,
რომელიც მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებისაგან არის ის, რომ საქართველო ხდება
აშშ-ს პარტნიორი სხვა ქვეყნებში რეფორმების განხორციელების კუთხით, ინეტერესი
არამარტო იუსტიციის სახლების, არამედ, ზოგადად, ქართული რეფორმების მიმართ ძალიან
დიდია, დღეს ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, როცა აშშ-სთან ერთად
ვიწყებთ იგივე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა ქვეყანაში“, განაცხადა
ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
თანამშრომლობა ეხება სახელმწიფო მომსახურების სფეროში
გატარებულ რეფორმებს, თუმცა, დიდია ინტერესი ქართული გამოცდილების მიმართ
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, პოლიციის
რეფორმის, სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების მიმართ.
internet.ge