საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, №9
საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების
მიმდინარეობას დაესწრო.
ეროვნული შეფასება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში
109 საჯარო სკოლა, 2 300 მეოთხეკლასელი, მათი მშობლები, 200 პედაგოგი და სკოლების
დირექტორები მონაწილეობენ.
სამინისტროს
პრეს-სამსახურის განცხადებით, ჩატარებული ეროვნული შეფასება მიზნად ისახავს,
დაადგინოს, როგორია მეოთხეკლასელ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის დონე ქართულ
ენასა (კითხვა) და მათემატიკაში (რაოდენობრივი მსჯელობა) და რამდენად აღწევენ
ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
სკოლები მთელი
საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. მოსწავლეებმა შეასრულეს
საგნობრივი სტანდარტისა და სასკოლო სახელმძღვანელოების გათვალისწინებით შედგენილი
ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარები, რომელშიც გამოხატეს თავიანთი
დამოკიდებულება კითხვის, მშობლიური ენისა და მათემატიკის შესწავლის მიმართ.
სპეციალური კითხვარები შეავსეს, ასევე, სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა და
შეფასებაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმაც.
internet.ge