საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, ამჯერად შენობის მეორე სართული შენდება. 250 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლა ფუნქციონირებას უკვე ახალი სასწავლო წლისათვის დაიწყებს. სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი.
სოფელი ხაჯალია ძირითადად შიდა მიგრაციის დროს მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მაცხოვრებლებითაა დასახლებული. სოფლის სკოლის ძველი შენობა 100 მოსწავლეზეა გათვლილი, ავარიულია და დღემდე არასდროს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები.
სკოლაში სწავლება ორ ცვლად მიმდინარეობდა, ვინაიდან სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 220-ია. ახალი სკოლა სრულიად ახალ ადგილზე შენდება, რადგან სკოლის ამჟამინდელი ავარიული შენობა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, რაც საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება.
სამინისტროს
პრეს-სამსახურის ცნობით, მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.
Internet.ge