კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ზაზა სესიაშვილი შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია, ის რასაც ზაზა ჭელიძე
საუბრობდა ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს გავიდა "რუსთავი-2"-ის ეთერში,
"კურიერის" სამსაათიან გამოშვებაში. მე დიდი ხანია ვიცნობ ზაზა ჭელიძეს,
ვმეგობრობთ და დღეს ერთადაც ვაპირებდით ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას.
როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის
თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და მის ძმებთან ერთად სადღაც
წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე
და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად.
მე და ზაზას არაერთხელ
გვისაუბრია უამრავ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც და
საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს
ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს
აფიქსირებს. ზაზა, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი
მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და იმასაც
მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბევრ პოლიციელს თავად ამუვიდა ყელში ხელისუფლების
მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს.
რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, ეს არის სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება.
მივმართავ
სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ ზაზა ჭელიძის და მისი ოჯახის
წევრებზე ზეწოლა ყალბი ჩვენებების მიღების მიზნით. აშკარაა, რომ მათი
მიზანია ჩემი და კოალიცია "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პიარ-კამპანია.
ამიტომ მე თავად ვარ მზად, დაინტერესების შემთხვევაში, ვუპასუხო
საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ყველა კითხვას", - აცხადებს სესიაშვილი.
internet.ge