გაეროს გენერალურმა
მდივანმა პან გი მუნმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განსახილველად საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინა. ამის შესახებ გაეროს საინფორმაციო ცენტრი
იუწყება.
მოხსენებაში აღნიშნულია,
რომ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იძულებით
გადაადგილებული პირები გახდნენ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
ამასთან, დოკუმენტში
მითითებულია, რომ 2012 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, ქვეყანაში 265 295
იძულებით გადაადგილებული პირია აღირიცხული. 2010 წლის ბოლოსთვის ეს რაოდენობა
256 528 იყო. რაოდენობის ზრდა იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის შობადობით,
საქართველოში მათი მესამე ქვეყნებიდან დაბრუნებით და მათი არადროული
რესგისტრაციითაა განპირობებული.
ქვეყნის შიგნით იძულებით
გადაადგილებულ პირთა შორის არის 242 592 ადამიანი, რომლებიც ასეთებად უფრო
ადრინდელი კონფლიქტების შედეგად იქცნენ, ასევე 18 789 ადამიანი, რომლებიც
2008 წლის ომის შედეგად გახდნენ დევნილები და კიდევ 3914 ადამიანი, რომლებიც უკვე
ორჯერ არიან ადგილნაცვალნი.
მოხსენება მთლიანობაში
მოიცავს 2011 წლის 1-ელი აპრილიდან 2012 წლის 30 მარტამდე პერიოდს და ეფუძნება
გაეროს სხვადასხვა სტრუქტურების მონაცემებს.
„განხილულ პერიოდში
არანაირი არსებითი ცვლილება დევნილებისა
და იძულებით ადგილნაცვალი პირების მიმართ არ მომხდარა. ადგილებზე - ცხინვალის
რაიონის სიახლოვეს მათი მასობრივი დაბრუნების ახალ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“ -
ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენებაში, მართალია,
აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის შედეგად დევნილი 100 ათასი პირი დაუბრუნდა თავის
სახლს, მაგრამ დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განყოფილებაში
თვლიან, რომ აქედან 34 ათასი ადამიანი, რომლებიც ცხინვალის რაიონის სიახლოვეს
დაბრუნდნენ, მძიმე მდგომარეობაში არიან და მათ მიმართ დაცვის სპეციალური ზომებია
მისაღები.
internet.ge