პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75% უკვე დასაქმებულია
17:39 20.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ ”აისს” ესტუმრა და ახალი პროგრამით დაფინანსებულ პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა.
დაფინანსების II ეტაპზე სამინისტრო 1000 ლარიანი ვაუჩერით 1500 მსურველს დააფინანსებს. III ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. I ეტაპზე კი, საქართველოს მასშტაბით უკვე 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა.
დავით ბაქრაძე სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით უმნიშვნელოვანესია პროფესიული კადრების არსებობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროფესიული განათლების ახალი ვაუჩერული დაფინანსების სისტემით პროფესიული განათლების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უწყობს ხელს. შრომის ბაზარზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვაუჩერული დაფინანსების ახალი სისტემით კიდევ უფრო იზრდება პროფესიული განათლების სოციალური ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი პროგრამით სოციალურად დაუცველი ფენაც ფინანსდება.
1000 ლარიანი ვაუჩერით ფინანსდებიან: სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. პირები, რომლებმაც 2011-2012 სასწავლო წელს დაძლიეს საბაზო განათლების საფეხური (9კლასი) და სწავლა არ განაგრძეს შემდგომ საფეხურზე; პირები, რომლებმაც 2011-2012 სასწავლო წელს დაძლიეს ზოგადი განათლების საფეხური და არ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე; ყველა დანარჩენი მსურველი, რომელიც გაივლის ტესტირებას ზოგად უნარებში და გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. მსურველი თანადაფინანსებით შემოდის სასწავლებელში. (70% - სახელმწიფო, 30% - მსურველი).
სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, სხვადასხვა სახელოსნო დაათვალიერა და სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნო. მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლებიან.
პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|