განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოში ავსტრიელი მასწავლებლები ჩამოვიდნენ
საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა.
ვიზიტისას, სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.
დელეგაცია ავსტრიის თბილისთან დაძმობილებული ქალაქიდან ინსბრუკიდან იყო და მის წევრებს ტიროლის მხარის სხვადასხვა საფეხურისა და სკოლის მასწავლებლები და დირექტორები წარმოადგენდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიელ კოლეგებს განსაკუთრებით აინტერესებდათ საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის გაცნობა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ავსტრიელი პედაგოგები ისეთი სიახლეებით დაინტერესდნენ როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის საჩუქრად ნეტბუქების გადაცემა, ასევე, პირველივე კლასიდან ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება და პროექტი ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება, მრავალფუნქციური "მომავლის კლასების” გახსნა, პედაგოგთა გადამზადება და მრავალი სხვა.
Internet.ge