დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა
ლანჩხუთში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სტაბილური წყალმომარაგება ლანჩხუთში მცხოვრები 8 300 ადამიანისთვის მრავალი
წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ლანჩხუთის
მოსახლეობის 60% წყალს არასტაბილური გრაფიკით, კვირაში რამდენიმე საათით იღებდა. დარჩენილ
40%-ს კი სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა და ინდივიდუალური ჭის წყლით სარგებლობდა.
ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება წყლის 2 სათავე ნაგებობას, ეწყობა საქლორატოროები
და იცვლება წყალმომარაგების შიდა ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მოსახლეობის
75% სუფთა და ხარისხიან წყალს 24 საათიანი გრაფიკით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. დარჩენილი
25% კი 24 საათიან წყალმომარაგებაზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი სამუშაოების
შედეგად გადავა.
"ჩვენი
გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ყოველდღიური წყალმომარაგება.
ლანჩხუთში კარგად ვიმუშავეთ და უკვე ამ წლის ბოლოს მთელი ლანჩხუთი გადავა 24 საათიან
წყალმომარაგებაზე,"- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით
ხორციელდება, 30-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
internet.ge