თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
საია სარჩელით მთავრობის N 489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, ასევე ითხოვს აბონენტებისთვის ს.ს.ი.პ „112“-ის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნებას.
„2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N 489 დადგენილება მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი. აღსანიშნავია, რომ „112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 1 იანვრიდან „112“-ის საფასური აბონენტებს მაინც ერიცხებათ და ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა ეჭრებათ. მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“,- აცხადებენ საიაში.
მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვეს.
„ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვლის თვის დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 (მილიონ ოთხას რვაათას რვაას სამოცდარვა) ლარი შეადგინა“,- აცხადებენ საიაში.
Internet.ge