შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს კლინიკა „კურაციოს“
ესტუმრა. მინისტრმა სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აის“ კლინიკა დაათვალიერა და
სამედიცინო დაწესებულების ექიმებს გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველადი
ჯანდაცვის განვითარება და ამ ტიპის მომსახურების დანერგვა ჯანდაცვის სისტემის
რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ
ყველა რგოლი და განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად უნდა მუშაობდეს,
რადგან ჩვენ გვინდა, ხალხმა იგრძნოს ის სარგებელი, რაც ჯანდაცვის რეფორმას მოაქვს.
ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკები, ამბოლატორიები - ეს ის ადგილებია, სადაც პირველ
რიგში უწევს მისვლა თითოეულ ადამიანს, მათ შორის, თითოეულ დაზღვეულს და ამიტომ
ჩვენი ამოცანაა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს
მივაქციოთ,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრის ინიციატივით,
ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში არსებული პოლიკლინიკების
„კურაციოს“ მსგავს საოჯახო-სამედიცინო ცენტრებად გარდაქმნა იგეგმება.
internet.ge