საქართველოს საპატრიარქო გუშინ გამართულ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
სხდომის განჩინება, მედიას გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო.
სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ID ბარათების თემაც:
“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში ღვთისმსახურთა მონაწილეობა მიუღებელია.
“წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
წმიდა სინოდმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებითაც იმსჯელა:
“ეკლესია მომხრეა, ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ, ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით”.
წმიდა სიონოდის განჩინებით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:
“წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზები და ოსები უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას საფრთხე შეუქმნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს ძველი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და უფრო ნათლად მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ ამ კავშირშია მათი თვითმთყოფადობის შენარჩუნების გარანტია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
წმიდა სინოდმა საინგილოში მოღვაწე მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყოლოშვილი წმინდანად შერაცხა.
“ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკის წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე რწმენისთვის თავდადებული მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყოლოშვილი. მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა.
წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის ბოლოს, 23 დეკემბერს გაიმართა.
internet.ge