საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის
მოადგილეს მარიო ჩაჩას შეხვდა,
რომელიც ქვეყანაში
ინფრასტრუქტურის დარგს კურირებს. დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა იტალიის მშენებელთა
ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან ჯან-დომენიკო გელასთან და ქვეყანაში მოქმედ მსხვილ
ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელ პირებთანაც.
აღნიშნული შეხვედრების
მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, საქართველოში, სამშენებლო
სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში დამატებითი
სამუშაო ადგილების შექმნა გახლდათ. იტალიურმა მხარემ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული
რეფორმები დადებითად შეაფასა. რამაზ ნიკოლაიშვილი და მარიო ჩაჩა მიმდინარე წლის ივლისში
ორ ქვეყანას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმებენ, ხოლო სექტემბერში
ეს უკანასკნელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა,
რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ქართველი და იტალიელი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული
სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაზე
იმუშავებს.
იტალიური სამშენებლო
კომპანიები ქართულ ბაზარზე შემოსვლით და საქართველოში სამშენებლო სფეროში ინვესტირებით
დაინტერესდნენ, რაც დამატებით, ასეულობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ვიზიტის
ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი იტალიაში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის
- ”კალტაჯირონეს” პრეზიდენტს შეხვდა. მან სურვილი გამოთქვა, საქართველოში სამშენებლო
მასალების მსხვილი საწარმო გახსნას, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის სამშენებლო
მასალების წარმოების თვალსაზრისით ჰაბის ფუნქციას შეასრულებს.
internet.ge