ზურაბ ჭიაბერაშვილი: სადაზღვეო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობები დასარეგულირებელია
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სადაზღვეო კომპანიებსა და კლინიკებს შორის ურთიერთობები გარკვეულწილად დასარეგულირებელია.
ამის შესახებ განცხადება, ჭიაბერაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულზე, პრემიერის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა თამაშის წესები, რომელიც პაციენტის საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს.
„აშკარად საჭირო იყო ამ თამაშის წესების შემუშავება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ხშირად მოქალაქეებმა, რომელთაც სახელმწიფო დაზღვევა აქვთ, შეიძლება, ვერ მიიღონ შესაბამისი მომსახურება“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში მოსაზრებების განხილვა და მომავალ მთავრობის სხდომაზე შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენენ.
„ყველა პაციენტმა და განსაკუთრებით სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ ადეკვატური მომსახურება და სრულად უნდა გამოიყენონ ის სადაზღვევო პოლისი, რაც მათ აქვთ“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
Internet.ge