გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საპენსიო პაკეტის ზრდა, ჯანმრთელობის
დაზღვევისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები, ქვეყანაში სიღარიბის
შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი
(8,3%) დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არ გაზრდილიყო პენსიები.
აღსანიშნავია, რომ
კვლევის ჩატარების პროცესში (2011 წლის სექტემბრამდე) საპენსიო პაკეტის ოდენობა 80
ლარს შეადგენდა. 2011 წლის სექტემბრიდან საპენსიო პაკეტი გაიზარდა და ნაცვლად 80
ლარისა 100 ლარი შეადგინა. თუ კვლევის მონაცემებში საპენსიო პაკეტის ეს ზრდა
იქნებოდა გათვალისწინებული, უკიდურესი სიღარიბე არსებული 8.3 %-ის ნაცვლად, კიდევ
უფრო ნაკლები 6,4% იქნებოდა. 2012 წლის სექტემბრიდან კვლავ იზრდება საპენსიო
პაკეტი, რაც სიღარიბის შემცირებაზე გავლენას მოახდენს და კვლევების შედეგებით
გამოვლინდება.
ჩატარებულ კვლევებზე
დაყრდნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „საქართველო:
ბავშვთა სიღარიბის შემცირება", ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ
მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში და
საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ფინანსები საქართველოში ყველაზე დაუცველი
ბავშვების დასახმარებლად.
საინტერესოა
საქართველოს მოსახლეობაში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების მფლობელთა რაოდენობის
ზრდის ტენდენციაც. 2011 წელს ოჯახების 42%-ში ერთ წევრს მაინც ჰქონდა ჯანმრთელობის
დაზღვევის პოლისი. ამ ოჯახების დიდ ნაწილს შეადგენდნენ სოციალურად დაუცველი
ოჯახები (სადაც უკლებლივ ყველა წევრია დაზღვეული, პენსიონერებისა და ბავშვების
ჩათვლით), აგრეთვე, ოჯახები, რომელთა წევრები არიან პედაგოგები, ჯარისკაცები ან
პოლიციელები.
2012 წლის სექტემბრიდან
სახელმწიფო აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს, დაბადებიდან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს,
სტუდენტებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს,
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
სახელმწიფო დაზღვევის
პროგრამის საშუალებით ქვეყანაში ოჯახების 79.8%-ში ერთი წევრი მაინც იქნება
დაზღვეული, დაზღვეული მოსახლეობის წილი 50.5 %-დე გაიზრდება, ხოლო 16 წლამდე
ასაკის ბავშვებში დაზღვეულთა წილი 28%-ის ნაცვლად 61.6% იქნება.
Internet.ge