შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თიანეთში მცხოვრებ
ბუჭყურაშვილების ოჯახს ესტუმრა და ტყუპ ძმებს - 5 წლის საბასა და ბექას,
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა. პოლისები პენსიასთან ერთად
მიიღეს ბავშვების ბებია-ბაბუამაც. ოჯახის ოთხივე წევრი მათ გამოყენებას 1 სექტემბრიდან შეძლებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა
ოჯახის წევრებს პოლისით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სარგებლობის წესების
შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მინისტრმა
ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობასა და დაზღვეულთა წრის გაფართოების
აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
ჯანმრთელობის
სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება 15 ივლისიდან დაიწყო. 0-დან 5 წლის
ბავშვების და საპენსიო ასაკის მოსახლეობის გარდა, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო
დაზღვევას სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) 18 წლამდე ასაკის
ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც მიიღებენ. ამ დროისთვის საქართველოში
დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.
Internet.ge