დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში და იუსტიციის სამინისტროში 1 თვიან სტაჟირებას გადიან.
იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს სერვისცენტრის მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.
იუსტიციის სახლის მომსახურების შემდეგ სტუდენტებმა დემოცენტრში გადაინაცვალეს, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, სპეციალურ მონიტორებზე იმ ოპერაციების განხორციელებას დაკვირვებოდნენ, რომლებსაც იუსტიციის სახლის ოპერატორები კონკრეტული სერვისების საწარმოებლად ყოველდღიურად ასრულებენ.
იუსტიციის სახლის სტუმრებს სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები გადაეცათ. სტუდენტები იუსტიციის სამინისტროში საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილების მისაღებად ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ.
ისინი ადგილზე ეცნობიან საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო დროს გატარებულ რეფორმებს, სამინისტროს დეპარტამენტებში სტაჟირებისას იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
სტაჟირების მსურველთა შორის განსაკუთრებით დიდია ინტერესი ანტიკორუფციული რეფორმის, კრიმინალთან ბრძოლის და სერვისების მიწოდების უნიკალური კონცეფციის - იუსტიციის სახლების მიმართ.
internet.ge