რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ ექვსივე
კორპუსში გადახურვითი სამუშაოები დღის
ბოლომდე დასრულდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქვემო ქართლის რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ
განუცხადა, საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებმა ყველა დაზიანებული
ფანჯარა გამოცვალეს.
რაც შეეხება კომპენსაციების საკითხს, კირკიტაძის განცხადებით,
დაზარალებული მოსახლეობა სასურსათო დახმარებასთან ერთად ფულად კომპენსაციასაც
მიიღებს.
„რეგიონში სასურსათო დახმარების გაცემის პროცედურა პარასკევიდან
დაიწყება. ამასთან მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც წვიმამ განსაკუთრებით დააზარალა
ფულად კომპენსაციასაც მიიღებს. თანხით
დახმარება შეეხებათ ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებსა და იმ ავტომობილების მფლობელებს,
რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა“,-
განაცხადა კირკიტაძემ.
რუსთვში ძლიერი წვიმა და
სეტყვა 20 აგვისტოს მოვიდა, რომელიც 20
წუთის განმავლობაში გაგრძელდა. წვიმასა და სეტყვას თან ქარიშხალიც ახლდა.
ადგილობრივი მთავრობა ზარალს ითვლის.
Internet.ge