შეერთებულ
შტატებში 11 სექტემბრის წლისთავთან დაკავშირებით გაყიდვაში შეიტანენ წიგნს,
რომელიც უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას აღწერს.
წიგნი თავად ამ
ოპერაციის უშუალო მონაწილემ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ახლა უკვე ყოფილმა
სპეცრაზმელმა დაწერა, თუმცა მისი სახელი ცნობილი არ არის. ის ხელს აწერს, როგორც
მარკ ოუენი.
წიგნი შესაძლოა
სკანდალის ობიექტი გახდეს. აშშ-სთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციების
გავრცელება, რომლებსაც შესაბამის სტრუქტურებში კონტროლი არ გაუვლიათ, მის ავტორს,
შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად დაუჯდეს.
წიგნის,
სახელწოდებით No easy daу: The firsthand account of the mission that killed
Osama bin Laden, თანაავტორი ჟურნალისტი კევინ მაურერია, რომელიც ავღანეთში აშშ-ის
სამხედრო კამპანიას აშუქებდა.
ტექსტში
სპეცოპერაციის მონაწილეთა სახელები შეცვლილია. მასში არ არის მონაცემები არც
სპეცოპერაციის ტაქტიკისა და ტექნიკური მხარის შესახებ.
ოუენი ამბობს, რომ მას სურდა მოეყოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც „შავ სამუშაოს“ ასრულებენ საზოგადოების
კეთილდღეობისთვის. ის იმედს იტოვებს, რომ მისი წიგნი ახალგაზრდებს სურვილს
გაუჩენს, სპეცრაზმებში იმსახურონ.
პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არ იცნობენ წიგნის შინაარსს და მის ტექსტს
„უწყებრივი ცენზურა“ არ გაუვლია.
პენტაგონში კი
წიგნის გამოსვლას „სიურპრიზი“ უწოდეს. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა ცენტრალურ
სადაზვერვო სამსახურსაც.
თუმცა მედია
ვარაუდობს, რომ ყოფილი სპეცრაზმელის ნაშრომი შეიძლება აჟიოტაჟის მიზეზი გახდეს,
რადგან სკანდალი ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ადრე გავრცელებულმა
ინფორმაციამაც გამოიწვია.
internet.ge