დღეს, 20:00 საათზე, მეიდანზე, ღია ცის ქვეშ ცნობილი ბალკანელი კომპოზიტორის - გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
მუსიკოსი თბილისში მისი ბენდის, „wedding and funeral bend” წევრებთან ერთდ ჩამოვიდა.
როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, „არტ ფორუმის“ პროდუსერმა კახა ცისკარიძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, გორან ბრეგოვიჩი ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს, სწორედ ამის გამო გადაწყდა მუსიკოსისთვის შეეთავაზებინათ კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში.
„კონცერტი რიყეზე გაიმართება, მეიდანთან - ღია ცის ქვეშ. ჩვენ გვყავდა რამდენიმე წლის წინ ჩამოყვანილი ბრეგოვიჩი. მაშინ ისე მოხდა, რომ მხოლოდ მოსაწვევებით იყო დასწრება შესაძლებელი. მთელი ფილარმონია სავსე იყო. იმის გამო, რომ მაყურებელი გულდაწყვეტილი დარჩა, გადავწყვიტეთ კიდევ ჩამოგვეყვანა,“- აცხადებს პროდიუსერი.
საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში, მსმენელი გორან ბრეგოვიჩის როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ ალბომში „შამპანური ბოშებს“ შესულ კომპოზიციებს მოისმენს.
Internet.ge