„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი შემოდის, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს.
პარლამენტში წარდეგნილი ცვლილებებით, აღნიშნული
კვალიფიციური ინსტიტუტი იურიდიული პირი იქნება, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს.
პროექტით, ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
კანონპროექტის
მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს.
პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმინობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს პასუხსიმგებლობა დაეკისრება. ფულადი ჯარიმის თანხა კი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.
ამასთან, პროექტით, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისაგან მოითხოვოს და ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
Internet.ge