სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების გამოფენა გაიმართა.
გამოფენას, რომელშიც 16 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას სასტუმრო „რედისონმა“ უმასპინძლა. გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართული სამთავრობო სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული ბრენდების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია იწარმოება ქვეყანაში“, განუცხადა პრეზენტაციაზე მისულ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა.
მისივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად უჭერს მხარს ქართულ კომპანიებს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაში. აღნიშნული გამოფენა კი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს.
Internet.ge