მოსკოვის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ჩეჩნეთის
შსს-ს ორი თანამშრომელი მუსხაჯ მუსულაევი და ძამბოლატ მუხმატმურზიევი, რომლებიც
რამზან კადიროვის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაკავებულები. მათთან
ერთად დააკავეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში ზელიმხან ისრაილოვი,
თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს - იუწყება „როსბალტი“.
ჩეჩენ ძალოვნებს ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაში ედებათ
ბრალი. მათ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, რომლისგანაც ავტომანქანის
გამოძალვას ცდილობდნენ.
კერძოდ, გამოძიების ვერსიით, 2011 წლის ზაფხულში საქართველოს
მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თავის მეგობარს Lexis lx 570-ის
გაყიდვაში ეხმარებოდა, როცა ჩეჩენი ძალოვნების სახით პოტენციური მყიდველი
შეითანხმა, მივიდა კიდეც შეხვედრის ადგილზე, თუმცა უმანქანოდ. მიუხედავად ამისა,
ჩეჩნებმა ის მაინც გაიტაცეს და ავტომანქანის გამოძალვის მოთხოვნით რამდენიმე დღის
განმავლობაში საშინლად ძალადობდნენ მასზე. ამის შემდეგ ქართველი მოთხოვნაზე
დაითანხმეს და ტრასაზე დააგდეს. ის მრავალჯერადი ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა.
რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი გაბედა და მომხდარის შესახებ
სამართალდამცველებს შეატყობინა.
ჩეჩენი ძალოვნების დაკავების ოპერაცია მოკოვში 2 მარტს ჩატარდა. 15 ადამიანი სპეცრაზმის დახმარებით აიყვანეს,
თუმცა მათი ნაწილი გაათავისუფლეს. ამჟამად პატიმრობაში რჩება 7 მათგანი. დაკავებულები
ამბობენ, რომ უდანაშაულოები არიან და მომხდარი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის
წინააღმდეგ განხორციელებული „შეკვეთაა“.
Internet.ge