ჯარისკაცის დედის განცხადებით, მის შვილს გული და ღვიძლი სამხედრო ნაწილში ამოაცალეს
აზერბაიჯანელი
სამხედროს დედა ჩივის, რომ მის შვილს, რომელიც სახლში მკვდარი მიუყვანეს, გული და
ღვიძლი ამოჭრილი ჰქონდა.
„ჩემი შვილი
ისლამ იბაევი ნახიჩევანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
40 დღის წინ ჩემთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მოვიდა და ჩემი შვილის
ცხედარი მომიტანა. მითხრა, რომ იარაღით მოიკლა თავი. ამ ადამიანმა სასწრაფოდ
მომთხოვა დამეკრძალა შვილი, რაც გავაკეთეთ კიდეც“ - წერს დაღუპულის დედა ირადა
მამედოვა აზერბაიჯანულ გაზეთში „ზერკალო“.
მალე მამედოვამ
გაიგო, რომ აზერბაიჯანში ადგილი აქვს სამხედროებისთვის შინაგანი ორგანოების
ამოცლას და დაკრძალვიდან 39 დღის შემდეგ შვილის ცხედრის ექსგუმაცია მოითხოვა.
„ექსგუმაცია 7
სექტემბერს მოხდა. მას ნახიჩევანის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი რაშად
გულიევი ხელმძღვანელობდა, რომელსაც თავიდან არ სურდა დავეშვი გაკვეთის პროცესზე,
მაგრამ არ დავუჯერე და დავესწარი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე არ იყო გული და
ღვიძლი. გამომძიებელი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს ორგანოები, უბრალოდ,
გაიხრწნა“ - ყვება დედა.
როგორც მან
განაცხადა, აპირებს პრესკონფერენციის ჩატარებას და ამ ფაქტის ფართო საზოგადოებისთვის
გაცნობას, თუმცა აღნიშნავს, რომ სამხედრო ნაწილის ხელმღვანელობამ, სადაც მისი
შვილი მსახურობდა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარის თქმა მოსთხოვა და ფული
შესთავაზა.
პრესკონფერენცია
ბაქოში, 12 სექტემბერს ჩატარდება, -
თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში. მისი ორგანიზატორია შეიარაღებული
ძალების დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის ცენტრის დირექტორი ალეკპერ მამედოვი.
გაზეთი აღნიშნავს,
რომ ადრე, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებმა რაგიმ ნამაზოვმა განაცხადა, რომ მსახურობდა
ნახიჩევანის სამხედრო პროკურორის იაშარ ჰასანოვის მძღოლად და ნახიჩევანში სამხედროებისათვის
შინაგანი ორგაოების ამოცლა მათი გაყიდვის მიზნით ხშირად ხდებოდა.
სხვა დაღუპული
სამხედროს მშობლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ შვილებს ორგანოები
ამოცლილი ჰქონდათ.
Internet.ge