ბუტა რობაქიძის საქმეზე შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
დიდუბის ეკლესიასთან მოკლულ ამირან (ბუტა) რობაქიძის მშობლები მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
რობაქიძის დედა
- ია მეტრეველი შსს კადრების სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძის,
ტელეკომპანია „რეალ - TV“ - ის
ყოფილი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის
გასამართლებას ითხოვს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ია მეტრეველმა განუცხადა, მან კოალიცია
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრისგან, თინა ხიდაშელისგან საქმის ობიექტურად გამოძიების პირობა მიიღო.
„ამდენი წელი სწორედ სამართლიანობას ველოდებოდი, რა თქმა უნდა,
მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ დაისაჯოს ყველა ის მაღალჩინოსანი, რომლებმაც
ერთადერთი შვილი წამართვეს, დაწყებული მაშინდელ შს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისგან,
ზურაბ მიქაძითა და გურამ დონაძით
დამთავრებული. თინა ხიდაშელისგან გამოძიების დაწყების პირობა მივიღე, თუმცა აქ
გამოსაძიებელიც არაფერია, ყველაფერი ხელისგულზე დევს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
მისი თქმით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ „ის ცრუ მოწმეებიც“, რომლებმაც
ჩვენებები შეცვალეს.
შეგახსენებთ,
რომ ბუტა რობაქიძე 2004 წელს, დიდუბის ეკლესიასთან ჩაცხრილეს.
რობაქიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ
გრიგოლ ბაშალეიშვილს, სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მეტრეველმა უთხრა, ეჭვმიტანილი პატიმრობიდან
2007 წელს, სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.
Internet.ge