პეჩორის რაიონულმა სასამართლომ გააგრძელა
უკრაინის შსს-ს გარე დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გენერალ ალექსეი
პუკაჩის საქმის განხილვა. პუკაჩი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობაშია
ბრალდებული. სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - იუწყება უკრაინული მედია.
დღეს, 13 მოწმიდან მეორის დაკითხვა
იგეგმება, რომელიც დაზარალებული მხარის ადვოკატების ცნობით სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენელია.
ალექსეი პუკაჩი 2009 წლის ივლისში დააკავეს.
გამოძიების დროს მან აღიარა, რომ გიორგი ღონღაძე საკუთარი ხელით დაახრჩო. მანამდე
კი, 2008 წელს, სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო პუკაჩის
დაქვემდებარებაში მყოფი 3 პირი. მოგვიანებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილად უკრაინის
მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაც
სცნეს. კუჩმას ბრალად ედებოდა ის, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, შსს-ს
მაღალჩინოსან წარმომადგენლებს უკანონო მითითებები მისცა, რამაც, საბოლოოდ, ცნობილი
ჟურნალისტის მკვლელობამდე მიიყვანა საქმე.
კუჩმას ადვოკატები უარყოფენ მკვლელობასთან
კავშირს. კუჩმამ მიაღწია იმას, რომ გასული წლის დეკემბერში სასამართლომ მის მიმართ
აღძრული საქმე, არასაკმარისი საფუძვლის გამო, უკანონოდ სცნო.
უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ოპოზიციონერი
ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის
ნოემბერში ქალაქ ტარაშას ახლომდებარე ტყეში მისი თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს.
Internet.ge