რუსი მესაზღვრეების მიერ, 19 მაისს, ვლადიკავკაზში
დაკავებული ცხინვალელი დეპუტატი და 2008 წლის ომის „გმირად“ შერაცხული ბალა
ბესტაუტი, მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს. მართალია ის პატიმრობაში არ იმყოფებოდა, თუმცა
ვლადიკავკაზიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება მხოლოდ დღეს მისცეს. როგორც
„ოსრადიოს“ კორესპონდენტი იუწყება, ბესტაუტი, „სახლში, სამხრეთ ოსეთში ამ მომენტში
ბრუნდება“.
როგორც Internet.ge ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებზე
დაყრდნობით იუწყებოდა, ბალა ბესტაუტი, რუსეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა
ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად დააკავეს.
ცხინვალის გაზეთები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ბესტაუტზე ძებნა ქართულ მხარეს
ჰქონდა გამოცხადებული, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ დამნაშავეზე და რუსმა მესაზღვრეებმა ის სწორედ ამ მოთხოვნის
საფუძველზე აიყვანეს.
19 მაისიდან დღემდე ბესტაუტი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა და
მას ცხინვალში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. დღეს კი გაირკვა, რომ „ინცინდენტი
ამოწურულია.“
პრობლემის მოგვარებაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის
მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩაერთო, რომელიც ამ დღეებში ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში,
მოცემულ მომენტში კი ცხინვალის რეგიონში იმყოფება.
internet.ge