მოსკოვში ინალ ზასეევის დაკავების ოპერაცია ჩავარდა. ზასეევს ჩრდილო
ოსეთის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრად მიიჩნევენ და უკვე რამდენიმე წელია
ეძებენ - იუწყება „ლენტა რუ“.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ის ბოლო პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა
ერთ-ერთ ნაცნობთან შეხვედრისას, როცა პოლიციას მისი აყვანა ჰქონდა დაგეგმილი,
ზასეევი მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და ადგილიდან მიიმალა. ძალოვნებმა მოსკოვის
მთელი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი გადაჩხრიკეს, მაგრამ ზასეევის კვალს ვერსად
მიაგნეს.
გამოძიების ვერსიით, ზასეევი არის ბანდფორმირების წევრი, რომლის ლიდერიცაა ოლეგ
გაგიევი, ზედმეტსახელად ბოტე. 2008 წელს ამ ჯგუფმა რამდენიმე შეკვეთილი მკვლელობა
განახორციელა, მათ შორის, მოკლეს ვლადიკავკაზის მერი ვიტალი კარაევი, ყოფილი მერი
ყაზბეგ პაგიევი თავის მძღოლთან ერთად, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს სისხლის სამართლის
სამძებროს ხელმძღვანელი ვიტალი ჩელდიევი შვილთან ერთად, ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის განყოფილების უფროსი მარკ მეცაევი, მილიციის მაიორი ილია კასრაძე და
კრიმინალური ავტორიტეტი ედუარდ კუსრაევი, მეტსახელად - ბზო.
ბანდის ლიდერი ბოტე 2010 წელს დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ზასეევის და რამდენიმეპირი კვლავ ძებნაშია.
internet.ge