საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი 2007-2011 წლებში ჩატარებულ სტატისტიკას
აქვეყნებს. როგორიცაა ოჯახური
ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები და არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი
დანაშაულობები საქართველოში.
ა) ოჯახური ძალადობა
შსს-ს კვლევის მიხედვით 2007-2011 წლებში საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტში დაფიქსირდა 973 ოჯახური ძალადობის ფაქტი, ხოლო მონაწილე პირთა
რაოდენობამ 1997 შეადგინა.
ამავე პერიოდში მოძალადის სახით დაფიქსირებულია 887 მამაკაცი და 89
ქალი, ხოლო მსხვერპლის სახით რეგისტრირებულთა სურათი საპირისპიროა და თანაფარდობა
შესაბამისად 117 / 904-ზეა ქალების "სასარგებლოდ".
ნიშანდობლივია, რომ მსხვერპლი მამაკაცების ყველაზე დიდი ასაკობრივი
სეგმენტია 45 წლის ასაკს ზემოთ მყოფი პირები (59%), მაშინ როდესაც როგორც
მსხვერპლი ქალების, ასევე მოძალადე ქალებისა და კაცების მიმართულებით 25-44 წლების
ინტერვალში მყოფი პირები სჭარბობენ, შესაბამისად 58,3, 53,9 და 59,2
პროცენტით.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფსიქოლოგიური
(56.8%, 1160 ფაქტი) და ფიზიკური ძალადობა (36.3%, 740 ფაქტი).
ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ
ადგილზეა თბილისი (632 ფაქტი), მეორე ადგილზე - აჭარა (84). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით
ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა თბილისი (5.4 შემთხვევა) და
მცხეთა-მთიანეთი (3.4).
ბ) ოჯახური კონფლიქტები
- 2010-2011 წლებში სულ დაფიქსირდა 3952 ოჯახური კონფლიქტი და 8341
ფიგურანტი, სადაც გენდერული თანაფარდობა დაახლოებით 50/50-ზეა, ხოლო ყველაზე დიდი
ასაკობრივი სეგმენტია 25-44 წლის ინტერვალში მყოფი პირები (53,4% / 49,1%-ზე
მამაკაცების "სასარგებლოდ").
ოჯახური კონფლიქტის მხარეები ყველაზე ხშირად არიან: ცოლ-ქმარი,
მშობელი და შვილი და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ხოლო მიზეზებს
შორის სჭარბობს ალკოჰოლური თრობა, ქონებრივი დავა და ეჭვიანობა.
საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ოჯახური კონფლიქტი
დაფიქსირდა თბილისსა (1237 ფაქტი) და შიდა
ქართლი/სამცხე-ჯავახეთში (759). ხოლო 10 000 მოსახლეზე კონფლიქტების ფაქტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთსა
(23,9 შემთხვევა) და შიდა
ქართლი/სამცხე-ჯავახეთში (14.3).
გ) არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა - 2007-2011 წლის პერიოდში აღრიცხულია
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი 4001 დანაშაულებრივი ფაქტი, რომელთაგანაც მათ
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4712 შემთხვევაში. ამასთან, ცალსახად
შეინიშნება მათი რაოდენობის კლების ტენდენცია, მაგალითისთვის - 2011 წელს ეს
მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია 2007
წლის მონაცემებთან შედარებით.
შემთხვევათა უმრავლესობაში (68%) არასრულწლოვნები წარმოადგენდნენ
16-დან - 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო გენდერულ განაწილებაში პროცენტული
თანაფარდობა 96% / 4%-ზეა მამაკაცების "სასარგებლოდ".
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებული სისხლის
სამართლის დანაშაულის სახეებია ქურდობა და ცივი იარაღის ტარება.
საქართველოს რეგიონებს შორის არასრულწლოვანთა დანაშულის ყველაზე მეტი
ფაქტი დაფიქსირდა თბილისსა (1524 ფაქტი)
და იმერეთი/რაჭა ლეჩხუმში ( 494). ხოლო 10 000 მოსახლეზე არასრულწლოვანთა
დანაშაულის ფაქტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისსა (13.1) და
კახეთში (8.5).
2011 წელს არასრულწლოვანთა მიმართ დაფიქსირდა 206 ძალადობის
შემთხვევა.
Internet.ge