რუსი
გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ქართველი ექს-გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობის
საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი - შოთა ტარუგეშვილი თავის რეალურ ვინაობას
მალავს.
ამ ეჭვს ისიც
აძლიერებს, რომ დაკავებულ პირთა სახლების ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე ქართული
პასპორტი, სხვადასხვა გვარებზე გაფორმებული - წერს „იზვესტია“.
როგორც გაზეთი
თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ამის გამო მკვლელობის საქმის გამოძიებამ
შესაძლოა, სულ სხვა მიმართულება მიიღოს.
გამომძიებლები ახლა ტარუგეშვილის ნამდვილ გვარს, სახელს და ბიოგრაფიას არკევევენ,
რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ მკვლელობის შემკვეთებსა და დანაშაულის კვალზე
გაიყვანს.
„იზვესტიას“
წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა ტარუგეშვილის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან,
მაგრამ დადგენილია, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობენ კრიმინალურ წრეებში და
თანაც, სრულიად სხვა გვარითა და სახელით.
ამასთან,
გამოძიებას ეჭვი არ ეპარება, რომ ქილერი სწორედ ტარუგეშვილია, ის სამმა
თვითმხილველმა ამოიცნო და აღიარებითი ჩევენებები მისმა თანამზრახველებმაც მისცეს.
თუმცა თავად ტარუგეშვილი ამტკიცებს, რომ სრულიად უდანაშულოა.
ამ დროისათვის
რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული: რომან ბელქანია,
ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუგეშვილი.
ძიებისას
გამოირიცხა ვერსია, რომ მკვლელობა ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო
ორგანიზებული. გამომძიებლები ახლა მუშაობენ ვერსიაზე, რომლის თანახმადაც დუმბაძე
კრიმინალურ გარჩევებს ემსხვერპლა, რამდენადაც ის ე.წ. კანონიერ ქურდთან, ტარიელ
ონიანთან იყო კავშირში.
რომან დუმბაძე, ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი
მეთაური, რომელიც საქართველოში სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა
შემდეგ რუსეთს სამხედრო პირებში გაუცვალეს, მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ყოფილ
გენერალს 7 ტყვია ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
Internet.ge