ექს-გენერალ რომან
დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის თორნიკე კვირიკაშვილი დღეს რუს სამართალდამცველებს
თავად ჩაბარდა.
როგორც „ლაიფ-ნიუსი“ იუწყება კვირიკაშვილმა აღიარა, რომ მან გადასცა
იარაღი ქილერს, რომლითაც მოსკოვში ექს-გენერალი რომან დუმბაძეს მოკლეს. თუმცა,
დუმბაძის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.
ეჭვმიტანილმა განაცხადა,
რომ მას ტელეფონით „თანამემამულეები“ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „საჭიროა
დახმარება ერთ სერიოზულ საქმეში - ყოფილი ქართველი გენერლის ლიკვიდაციაში, რომელიც
ახლა მოსკოვში ცხოვრობს“. სანაცვლოდ კვირიკაშვილს 10 ათას დოლარს დაჰპირდნენ.
დავალება ასეთი იყო: ავტომანქანა „ვოლვოდან“ მას პისტოლეტი უნდა ამოეღო, შემდეგ კი
იარაღი ქილერისთვის უნდა გადაეცა - წერს „ლაიფ-ნიუსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით.
კვირიკაშვილი ირწმუნება,
რომ მის მოვალეობაში მხოლოდ ეს შედიოდა, რაც შეასრულა კიდეც და ფულიც მიიღო.
ორი თვის შემდეგ კი,
გადაწყვიტა ჩაბარებოდა პოლიციას. როგორც ამბობს, სინდისმა შეაწუხა.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი ვერსიით,
რომელზეც გამოძიება აქტიურად მუშაობს, დუმბაძის მკვლელობა შესაძლოა, კრიმინალურ გარჩევებთან იყოს დაკავშირებული, რადგან
ცნობილია, რომ დუმბაძეს კავშირი ჰქონდა ე.წ. კანონიერ ქურდთან ტარიელ ონიანთან.
ამ წუთებში რუსი სამართალდამცველები თორნიკე კვირიკაშვილს კითხავენ.
Internet.ge