ერთ-ერთი შეიარაღებული
მამაკაცი, რომელიც მოსკოვში ჩეჩენ კრიმინალურ ავტორიტეტთან ადამ ტარამოვთან ერთად
დააკავეს, მისი პირადი მცველი აღმოჩნდა. ადვოკატებმა გამოძიებას მიაწოდეს
დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, დაკავებული, ჩეჩნეთის ლიდერის ადმინისტრაციაში
საპასუხისმგებლო პოსტს იკავებს.
როგორც „როსბალტი“
იუწყება დაკავებული მამედ ტუმაევის დაცვა ჯერ თავის კლიენტს უმუშევრად
წარმოადგენდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის კადიროვის ადმინისტრაციაში მთავარ
სპეციალისტ-ექსპერტად მუშაობს. გამოძიებამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და დადასტურა,
თუმცა მოსკოვში აცხადებენ, რომ კადიროვის ადმინისტრაციის წევრობა დაკავებულისთვის
არაფერს ცვლის.
ტუმაევი იარაღით
დააკავეს, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა,
რომელიც გამოძიების თქმით, საზოგადოებისთვის
საშიშროებას წარმოადგენს და შესაძლოა, ტუმაევმა მოწმეებზე ზეწოლაც კი სცადოს.
ამიტომაც მას პატიმრობა შეუფარდეს.
Internet.ge