მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის შემოჭრას იძულებით ნაბიჯს უწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის დასმა, რასაც ცხინვალის სიახლოვეს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ ჰქონდა ადგილი, იძულებითი ნაბიჯი იყო.
საგარეო უწყების განმარტებით, ვერტმფრენს ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა, თუმცა ფრენისას სანავიგაციო აღჭურვილობის პრობლემამ ეკიპაჟი აიძულა ქართულ მხარეზე დაფრენილიყვნენ – ცხინვალიდან მოშორებით.
იმავდროულად, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მფრინავები შეცდომით დაეშვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.
"როგორც კი მფრინავები ამ შეცდომას მიხვდნენ, მაშინვე დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში" – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, ოსური მხარე სწორედ მფრინავების შეცდომაზე მიუთითებდა, თუმცა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვერტმფრენის ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დასმა არა შეცდომის, არამედ მხოლოდდამხოლოდ ფრენისას წარმოქმნილი პრობლემების ბრალი იყო.
internet.ge