საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის კურსი დასრულდა
12:49 29.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი დღეს ოფიციალურად დასრულდა. ნატოს პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) ფარგლებში გამართული სწავლება ოთხ კვირას გრძელდებოდა.
კურსის მიმდინარეობას ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები აკვირდებოდნენ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსი სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საბაზისო კურსის ფარგლებში შესწავლილი უნარ-ჩვევები გაიხსენეს. ზაფხულის კურსის მეორე ეტაპი მაღალ მთაში და ყინულოვან რელიეფზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე გადაადგილებას დაეთმო. მესამე ფაზა კი მაღალ მთაში საცეცხლე მომზადებას ითვალსიწინებდა. სწავლების ბოლოს კურსში მონაწილე ყველა სამხედროს სწავლების შემაჯამებელი ტესტირება ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, მარშირებასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში ჩაუტარდათ. შუალედური სამთო მომზადების ზაფხულის კურსის დახურვის ცერემონიალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილი-ლიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.
კურსის დახურვის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო კოორდინატორი/უსაფრთხოების ოფიცერი პოლკოვნიკი ზბიგნიევ პრაშჩალეკი და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. კურსის დახურვის ცერემონიალს მუსიკალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი აფორმებდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|