26 მაისის სამხედრო აღლუმის ქრონიკა
10:26 26.05.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო აღლუმის განრიგს აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მოახსენებს.
პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმებიან.
სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი - ნიაზ დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში - „ხორუმი“ და ზუმბა სიმღერა „აფხაზეთო“.
სახელმწიფო ჰიმნს, ანა ხანჩალიანი, თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.
სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს. უმცროს ოფიცერთა ძირითადი კურსის 76 მსმენელი მუხლს მოიყრის და საჯაროდ დადებს ფიცს. ფიცის მიღების შემდეგ მათ მიენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. ხვალიდან ისინი სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ.
შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.
წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანებას გასცემს. ბრძანება გულისხმობს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გადაწყობას, მოძრაობის მიმართულებას და დისტანციის დაცვას. მედროშეები პირდაპირ, დანარჩენები კი მარჯვნისაკენ სწორებით დაიწყებენ მსვლელობას.
სამხედრო მსვლელობას, წელს პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად აკომპანიმენტს გაუწევს 5 მეგობარი ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრები.
დაიწყება საზეიმო სამხედრო მსვლელობა.
სამხედრო აღლუმს გახსნის მედროშეთა კოლოფი, რომელსაც წარუძღვება გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. კოლოფი საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებისა და გვარეობების დროშებს გამოიტანს. მედროშეთა კოლოფი დაკომპლექტებულია სარიტუალო ასეულის შემადგენლობისგან.
მედროშეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები მიყვებიან.
კადეტების შემდეგ საზეიმო მსვლელობას გააგრძელებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები. აკადემიის სასწავლო სისტემის რეფორმირების შემდეგ ისინი პირველად მიიღებენ აღლუმში მონაწილეობას.
აკადემიის მსმენელებს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი მოყვება.
ზეიმის მსვლელობაში შემდეგი იქნება სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფების სააღლუმე კოლოფი. კოლოფს უხელმძღვანელებს მაიორი ბახვა მუმლაძე.
მათ მოჰყვება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაზე გამოვლენ სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები.
ქვეითი ბრიგადები სახმელეთო ჯარების ძირითადი შემადგენელი ნაწილებია და მათი დანიშნულებაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევა და შენარჩუნება. ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებს ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში.
აღლუმის შემადგენლობაში ასევე იქნებიან საარტილერიო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები. საარტილერიო ბრიგადები წარმოადგენენ სახმელეთო ჯარების ძირითად მხარდამჭერ ელემენტებს. მათი ამოცანაა - შეტევისა და თავდაცვით ოპერაციებში უზრუნველყონ ქვეითებისა და მექანიზირებული ქვედანაყოფების არაპირდაპირი და პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა;
აღლუმის საზეიმო მსვლელობას ქვეითად დახურავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.
აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები.
აღლუმის საზეიმო მსვლელობაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, უპილოტო საჰაერო სისტემა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ქართული წარმოების შეიარაღება თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა.
ტექნიკის მსვლელობა დაიწყება საქართველოში წარმოებული მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძლო მანქანით - "ლაზიკა".
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|