საერთაშორისო ექსპერტი: სომხეთ-აზერბაიჯანის წინააღმდეგობის ომში გადაზრდის რისკი არსებობს
არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანსა
და სომხეთს შორის შეტაკებები, რომელთა დროსაც მინიმუმ, 10 ჯარისკაცი დაიღუპა, ომში
გადაიზარდოს. ეს იმ რეგიონში, სადაც კომპანია „BP“-მ და მისმა პარტნიორებმა ენერგეტიკულ პროექტებში
35 მილიარდი დოლარი ჩადეს - აცხადებს საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის ექსპერტი საბინა
ფრეიზერი.
მისი თქმით,
დაპირისპირების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი სუსტია, ფაქტობრივად, არ
არსებობს მონიტორინგი. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები კი შეიძლება სრულიად
შემთხვევით დაიწყოს, მხარეების საპასუხო მოქმედებების დროს.
აზერბაიჯანი ყოფილ
საბჭოთა კავშირში ნავთობის მწარმოებელი რიგით მესამე ქვეყანაა. მან დიდი სახსრები
ჩადო არმიის მშენებლობაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან
იარაღს იძენდა ისრაელისგან. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს კი არაერთხელ განუცხადებია,
რომ აზერბაიჯანი იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას, თუკი მშვიდობიანი
მოლაპარაკებები აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით შედეგს არ გამოიღებს.
საერთაშორისო
კრიზის-ჯგუფის ექსპერტის აზრით, „არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი უახლოეს
პერსპექტივაში ომს არ გეგმავენ,“ - ციტირებს ფრეიზერს „არმენია თუდეი“.
„თუ ფართომასშტაბიანი
სამხედრო მოქმედებები განახლდება, ეს ხანგრძლივი ომი იქნება, რადგანაც არც ერთ
მხარეს მეორე მხარეზე დიდი უპირატესობა არ აქვს. ასევე გაურკვეველია, როგორ
რეაგირებას მოახდენენ რუსეთი და თურქეთი. ისინი შეიძლება ჩაერთონ მათ მიერ წარმოდგენილი
უსაფრთხოების გარანტიების გამო,“ - განაცხადა ექსპერტმა.
რუსეთს სამხედრო ბაზა
აქვს გიუმრში და ის ვალდებულია სომხეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს, რადგანაც
ორივენი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები არიან.
აზერბაიჯანი კი მჭიდრო ეთნიკურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაშია თურქეთთან
- აცხადებს ფრეიზერი.
Internet.ge